საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ევროკავშირის გენერალურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (GAERC) კომუნიკესევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებისშესახებ

2008 წლის 10 ნოემბრის ევროკავშირის გენერალურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კომუნიკეში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. აღნიშნული შეთანხმება ცალსახად მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას.

ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა  შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის მოლაპარაკებებში. თუკი რუსეთი პირნათლად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი პროდუქტიული იქნება. ჩვენ ველით და ვიმედოვნებთ, რომ შედგება კონსტრუქციული დისკუსია ჟენევაში 2008 წლის 18 ნოემბერს.

ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრებმა ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაციასათან დიალოგი არ ნიშნავს საქართველოში არსებული სტატუს ქვოს ან რუსეთის ფედერაციის ქმედებების ლეგიტიმაციას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და პრინციპებს. აქვე აღსანიშნავია,  რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შეფასების მნიშვნელობას და შეფასების შედეგების გათვალისწინებას რუსეთის მიმართ ურთიერთობების შემუშავებისას.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა  განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭა საერთაშორისო მონიტორების აფხაზეთში/საქართველო და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი/საქართველო დაშვების საკითხს. ნათელია, რომ ტრანსპარანტულობისა და საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დარჩება ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის ეთნიკური წმენდის, ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, იარაღის და ნარკოტიკის ტრეფიკინგის კერად, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის ხელყოფის მუდმივი საშუალება გახდება.

ევროკავშირისათვის აუცილებელია, ისევე როგორც წარსულში, იმოქმედოს სწრაფად და თანმიმდევრულად GAERC-ის 10 ნოემბრის კომუნიკეში ხაზგასმულ საკითხებთან მიმართებაში. რუსეთის მიერ აგვისტოში განხორციელებულ ქმედებებზე სწორედ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრების პასუხმა, მოსკოვისათვის მკაფიო გზავნილმა შეანელა რუსეთის აგრესია და საშუალება მისცა ევროკავშირს მიეღწია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისათვის. ასევე ეფექტური იყო ევროკავშირის მიერ მონიტორინგის მისიის სწრაფი განთავსება, საქართველოსთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა და ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების შესახებ. მხოლოდ  ევროკავშირის ძლიერ ჩართულობას, მყარ და თანმიმდევრულ ქმედებებს შეუძლია შეაკავოს აგრესიული ქვეყნების მიერ  ევროპის საზღვრების ძალადობრივი გზით შეცვლა, ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ეთნიკური წმენდის, როგორც საგარეო პოლიტიკის იარაღის გამოყენება. ასეთ აგრესიულ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ფუნდამენტური პრინციპები შეიძლება გაიწიროს მოკლევადიანი სარგებლის სანაცვლოდ და მათ ექნებათ სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენების ლიცენზია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას. მყარი, პრინციპული  და თანმიმდევრული მიდგომა რუსეთის ფედერაციის მიერ 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპული სამეზობლოს უსაფრთხოებისათვის

თბილისი, 2008 წლის 11 ნოემბერი